მარეგულირებელს არ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ჩაერიოს მედიასივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაში და შეზღუდოს - ამის შესახებ არასამთავრობო სექტორის ნაწილი საუბრობს.
ისინი ფიქრობენ, რომ კანონპროექტში არის გარკვეული მუხლები, რომელიც იძლევა ისეთი ფართო დეფინიციის საშუალებას, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელს უჩნდება საშუალება იმაზე ზედმეტად ჩაერიოს მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შეზღუდვაში, ვიდრე ეს შესაძლოა გამართლებული იყოს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფართო დისკრეცია, რომელიც ამ ნორმებით ეძლევა კომისიას შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს, რომ ის ჩაერევა მედიის თავისუფლებაში იმიტომ, რომ ამ დებულებებს მისცემს ისეთ შინაარსს და გამოიყენებს ისეთი შეზღუდვისთვის, რომელიც მისთვის იქნება მიუღებელი შინაარსი და ამ მიუღებელი შინაარსის შეზღუდვას გაატარებს ბავშვის ინტერესების დაცვის ქოლგის ქვეშ," - აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორი.
არასამთავრობო სექტორის მეორე ნაწილს კანონპროექტი მოსწონს. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, ვინაიდან საქართველოში ბავშვთა საუკეთესო ინტერესი დაცული არ არის.
"ამ კანონის მიღება აუცილებელი იყო იმიტომ, რომ საქართველოში არ იყო სათანადოდ დაცული ბავშვთა საუკეთესო ინტერესი. აქამდე ჩვენ, იურისტები ვხელმძღვანელობდით ხოლმე ძირითადად ბავშვთა უფლებათა კონვენციით. პრინციპში იმ გამოწვევებს, რაც არის კონვენციაში ახალი ბავშვის უფლებათა კოდექსი პასუხობს. აუცილებელია გახდეს ბავშვის უფლება პრიორიტეტი და ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული," – განაცხადა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა ეკა ქობესაშვილმა.
"ბავშვის უფლებათა კოდექსი" 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ახალი რეგულაციით ვებგვერდებსა და მაუწყებლებს კონკრეტული შინაარსის შემცველი მასალის გავრცელება აეკრძალებათ. საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების რეგულირება კომუნიკაციების კომისიას დაევალა.