ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა "ბახვი 1" ჰესის განვითარების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. პროექტი გურიაში 12 მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პროექტი დაახლოებით 50 სამუშაო ადგილს შექმნის.
"ეს მემორანდუმი შეეხება მცირე ჰიდროელექტროსადგურის "ბახვი 1-ის" მშენებლობას გურიაში, 12 მეგავატიანი სადგურია, მომავალში 50-მდე ადამიანი დასაქმდება ადგილზე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი რამდენიმე მიზეზის გამო, ერთი რომ ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და საქართველოც მათ შორის კოვიდს ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ სწორედ აშშ-სთან თანამშრომლობით შეიქმნა "ბახვი ჰესი". მისივე თქმით, მსგავსი პროექტები საქართველოს ენერგოუსაფრთხოებით უზრუნველყოფს.