მესტიის სამ თემში სტიქიამ პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიში, სადაც მდინარის ადიდების შედეგად სამანქანე გზის 400 მეტრიანი მონაკვეთია წაღებული. გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიშის დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები 2 საათში დაიწყება.ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.