09 სექტემბერი 2026,   00:52
ვრცლად
ბექა მიქაუტაძე: ხელისუფლების პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და გადაწყვეტილებები მოქალაქეს გამოწვევებთან მარტო არ ტოვებს

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე ოპოზიციონერი კოლეგის განცხადებას სოციალურად მოწყვლადი ადამიანებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის თაობაზე პოპულისტურს უწოდებს.

"მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევაა. ამ პრობლემას არავინ უარყოფს, მაგრამ მნიშვნელოვანია მეორე მხარეც დავინახოთ - რას ვაკეთებთ ამ გამოწვევის საპასუხოდ.

თბილისის ბიუჯეტის 1/3 ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს ხმარდება, მეტიც, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს სახელმწიფო ბიუჯეტიც აფინანსებს.
რეფერენტული ფასების სისტემით უკვე ათასობით მედიკამენტზეა განსაზღვრული ფასის ზედა ზღვარი, რამაც მედიკამენტების ნაწილის ღირებულება მნიშვნელოვნად შეამცირა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს აღარ უწევს რიგ შემთხვევაში იმავე წამალში იმდენის გადახდა, რამდენიც რეფერენტულ სისტემამდე უწევდა. მხოლოდ ფასის რეგულირება არ არის ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე“, - აცხადებს ბექა მიქაუტაძე და კონკრეტულ ციფრებს ასახელებს.

"2025 წელს მედიკამენტების დაფინანსებისთვის თბილისის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 16.5 მილიონ ლარზე მეტი და დახმარება 47,602 ბენეფიციარმა მიიღო. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის მოქმედებს 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი. ერთი წლის მანძილზე ვაუჩერით ისარგებლა 18 801 პენსიონერმა, რისთვისაც 8 806 700 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მედიკამენტების დაფინანსებისთვის გასცა 3 408 000 ლარი, ხოლო რაიონის გამგეობებმა 26 330 ბენეფიციარს 4 290 401 ლარი გამოუყო მედიკამენტებისთვის“, - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, რეალობა არის ის, რომ გამოწვევა არსებობს, მაგრამ მოქალაქე ამ გამოწვევის წინაშე მარტო არ არის.

"ერთი მხრივ, ვაწესრიგებთ მედიკამენტების ფასებს და ვაკონტროლებთ მათ ზედა ზღვარს, ხოლო მეორე მხრივ, ვაფინანსებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. პოპულიზმი პრობლემის დასახელებით და ლოზუნგებით შემოიფარგლება, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა კი გამოწვევას კონკრეტული გადაწყვეტილებებით პასუხობს. ჩვენს შემთხვევაში ეს გადაწყვეტილებები არსებობს - არსებობს პროგრამები, გამოყოფილი თანხები, ათასობით ბენეფიციარი და კონკრეტული შედეგები," - აცხადებს ბექა მიქაუტაძე.

დღის ამბები