თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
"ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი მედიკამენტოზური გზით ნარჩუნდება. საშუალო ასაკი არის 25 წელი. ამ წუთებში, ორ ქალბატონს უტარდება ოპერაცია, მესამეს მდგომარეობა კი შედარებით სტაბილურია. სამივე მათგანთან არის პოლიტრამვა. მათი მდგომარეობის პერსპექტივაზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. პაციენტებს შინაგანი სისხლდენა განუვითარდათ,"- განაცხადა ლევან რატიანმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.