19 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
სტატისტიკის მიხედვით ბავშვებზე ყველაზე ხშირად მშობლები, უფრო მეტად კი მამები ძალადობენ - გოგა ხატიაშვილი

უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილის თქმით, სტატისტიკით ბავშვებზე ყველაზე ხშირად მშობლები, უფრო მეტად კი - მამები ძალადობენ.

როგორც ხატიაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ისწავლონ, თუ ვის უნდა მიმართონ მათზე განხორციელებული ძალდობის დროს.

"არსებული სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ბავშვები ძალადობის მსხვერპლები ოჯახში ხდებიან და ძირითადად, პირველ ადგილზე დგას ოჯახში ძალადობა, ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით.

ყველაზე ხშირად, მოძალადე არიან ბავშვის მშობლები - დედა და მამა და უფრო ხშირად, ეს არის მამა, ან მამინაცვალი. ეს არის ძალოვანი უწყებების სტატისტიკა. არის ფიზიკური ძალადობის შემთხვევები და არანაკლებია ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებიც. ძირითადად, არის სახეში, სხეულის სხვადასხვა ადგილას გარტყმა სხვადასხვა საგნის გამოყენებით, ასევე მუქარა.

სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს, რომ ძირითადად, სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავენ ბავშვის მშობლები, ოღონდ არა მოძალადე მშობლები. მაგალითად, თუ ბავშვზე ძალადობს მამა, შეტყობინების ინიციატორი არის ხოლმე დედა, ან ბებია. ასევე, ინიციატივის კუთხით ლიდერობენ ბავშვები.

ბოლო წლების დინამიკა გვაჩვენებს, რომ გამოვლენის მაჩვენებელი არის გაზრდილი. მთავარი ამოსავალი წერტილი ბავშვებთან მიმართებით უნდა იყოს, რომ მას უნდა ვასწავლოთ, ასეთ დროს ვის უნდა მიმართოს დასახმარებლად და რა მექანიზმები არსებობს იმისათვის, რომ მან თავი დაიცვას. ბავშვებმა, პირველ რიგში, უნდა მიმართონ იმ ადამიანს, რომელიც ეგულებათ მხარდამჭერად. ეს შეიძლება იყოს მისი მეგობარი, მასწავლებელი, რომელიც მიეხმარება სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაში. შეუძლია ამას დამოუკიდებლადაც გაართვას თავი და დარეკოს ცხელ ხაზზე - 112-ზე. ასევე, ამოქმედდა 111 - ბავშვთა უფლებების დაცვის ცხელი ხაზი, რომელიც, ამ ეტაპზე, მართალია, არ მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, თუმცა დღის განმავლობაში ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ ამის შესახებ ინფორმაცია. 

მთავარი პრობლემა არის სახელმწიფო ორგანოებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით. ბავშვთა მიმართ ძალადობასთან მიმართებით მთავარი გამოწვევაა ეფექტიანი პოლიტიკის არარსებობა, რაც უარყოფითად აისახება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე," - აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე კი ამბობს, რომ ბავშვთა უფლებების დასაცავად კოდექსის ამოქმედდება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სისტემური ცვლილებების გატარებას გულისხმობს.

"კოდექსის ამოქმედება გულისხმობს იმას, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით მოხდება მექანიზმების გაძლიერება. ეს არ გულისხმობს მხოლოდ აკრძალვას, არამედ ეს გულისხმობს იმას, რომ მოხდეს სხვადასხვა ტიპის სისტემური ცვლილებების გატარება, პროფესიონალების გადამზადება, სამართალდამცავების გადამზადება, სხვა პროფესიონალების გადამზადება და ასევე იმ მექანიზმების შექმნა, რომელიც დაიცავს ბავშვს ძალადობისაგან. მნიშვნელოვანი არის ბავშვების ინფორმირება, მათ უნდა შეეძლოთ იცოდნენ, რომ ვის მიმართონ, თუ მათ მიმართ ხდება ძალადობა და საზოგადოების მუშაობაც უნდა გავააქტიუროთ," - აღნიშნა მაია ქურციკიძემ.

11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში ორი დღის წინ იპოვეს. არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ბავშვის მამა 28 აგვისტოს დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები