საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დღეიდან ახალი პლატფორმა "იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედდა. პროექტი საქართველოს მთავრობის დავალებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროექტის "იმუშავე საქართველოდან“ (Remotely from Georgia) ფარგლებში საქართველოს გამონაკლისის წესით 95-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის: აშშ-ის, ევროკავშირის, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები და რეზიდენტები ეწვევიან, რომლებსაც 180-ზე მეტი დღით დარჩენა შეუძლიათ. ახალი პლატფორმით ისარგებლებენ თვითდასაქმებულები, სრული განაკვეთით დასაქმებულები, რომლებიც დისტანციური ფორმატით იმუშავებენ, ასევე მეწარმეები, რომელთაც საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ბიზნესი მართონ.
"ეს პროექტი გიდების, ტურისტული ტრანსპორტის, ბინების გაქირავების, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის იქნება მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო. ახალი პროექტით საქართველოში კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ და რაც მთავარია, მოგზაურები საშუალო სტატისტიკურად დარჩებიან ბევრად უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე გასულ წლებში.
პროექტის მიხედვით, საუბარია სამი კატეგორიაზე: თვითდასაქმებულები, სრულ განაკვეთზე მომუშავე პირები და მეწარმეები, რომლებსაც საშუალება ექნებათ. stopcov.ge-ზე არსებული აპლიკაცია შეავსონ, პირადი ინფორმაციის გრაფები მარტივი და გასაგები, სადაც არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ, რომ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა და საქართველოში ყოფნის პერიოდში შეძლებენ ყველა გადასახადის გადახდას. პროექტში მონაწილეები 12 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან, რომლის ხარჯებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავად აანაზღაურებენ, სავალდებულო იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა,“-განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
პროექტი, ერთის მხრივ, დაეხმარება კერძო სექტორს გაყიდვების ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, ხოლო მეორეს მხრივ, დადებითად იმოქმედებს საქართველოს, როგორც „უსაფრთხო მიმართულების“ კიდევ უფრო მყარ პოზიციონირებაზე.
ახალი პლატფორმის ბმული stopcov.ge-ს გვერდზე აიტვირთება.