კერძო საბავშვო ბაღები მუშაობის განახლებას სექტემბრიდან ითხოვენ. კერძო საბავშვო ბაგა ბაღების ასოციაციამ დღეს განცხადება გააკეთა. მათი მიმართვის ადრესატები კი პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი არიან.
ბაღების გაერთიანება აცხადებს, რომ უკვე უწევთ ფინანსური ვალდებულებების დაფარვა, როგორც ბანკებთან ასევე კერძო მეიჯარეებთან, ამიტომ თუ მუშაობის უფლებას არ მისცემენ მათი ბიზნესი გაკოტრდება.
კერძო საბავშვო ბაღის "ალუბლების" დამფუძნებელი და დირექტორი ნათია გურგენიძის განცხადებით, აპირებენ სააღმზრდელო დაწესებულებები 3 სექტემბერს გახსნან.
კერძო ბაღების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, რომ მიეცეთ შესაძლებლობა, აღადგინონ სააღმზრდელო პროცესი.
"მოხდა კერძო ბაღების სრული იგნორირება. დავრჩით შემოსავლების გარეშე. დავდექით აღსაზრდელების, თანამშრომლების და საიჯარო ფართების დაკარგვის რისკის წინაშე, მაგრამ დიდი წვალებითა და მონდომებით აქამდე მოვიტანეთ საქმიანობა.
ივლისში დავიწყეთ კონსტრუქციული დიალოგი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების სამსახურთან და ვადასტურებთ, რომ მათ მაქსიმალურად გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით, რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას. ასევე, სექტემბრიდან გვიწევს მეიჯარეებისა და ბანკების ვალდებულებების გადახდა, რაც საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს გაკოტრებამდე, თუ არ მოგვეცა საქმიანობის განახლების უფლება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კერძო ბაღები როგორც დედაქალაქის, ასევე სხვა რეგიონებსა და ქალაქებში წარმოდგენილი, ღიად ვაცხადებთ, რომ ვხსნით ჩვენს სააღმზრდელო დაწესებულებებს 3 სექტემბერს, იმ რეგულაციების მაქსიმალური დაცვით, რაც გაწერილია შრომის უსაფრთხოების წინასწარ პროექტში.
აქვე ვაფიქსირებთ, რომ მზად ვართ ობიექტური და კონსტრუქციული მიდგომით ეტაპობრივად გავიაროთ შრომის უსაფრთხოების შემოწმება დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილების მიზნით," - განაცხადა ნათია გურგენიძემ.
"ჩვენ ასოციაციის სახელით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს. მინისტრის სახელზე წერილი დავწერეთ, რომ ვითხოვდით საშეღავათო პერიოდის გადავადებას 6 თვის ვადით, ვინაიდან ის პერიოდი, რომელიც მოიცავს პირველ ნოემბრამდე საშეღავათო პერიოდს, ჩვენ ფიზიკურად ვერ გამოვიყენებდით. ასევე, საბანკო სექტორთან შუამავლობა ვითხოვეთ მთავრობის მხრიდან. გუშინდელ ჩართვაში მიხეილ დაუშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკითხზე დაინტერესდებოდა და დაგვეხმარებოდა.
ჩვენ გვინდა მივმართავთ პრემიერ-მინისტრს თხოვნით, რომ გაგვიწიოს შუამავლობა, როგორც საშეღავათო პერიოდის გადავადებაზე საშემოსავლო გადასახადების, ასევე - კერძო ბანკებთან იპოთეკური და ბიზნეს სესხების გადავადებასთან დაკავშირებით," - აღნიშნა კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელმა პავლე ქალიაშვილმა.
კერძო ბაღების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ქალიაშვილის განცხადებით კი, ზარალი არის ძალიან დიდი და მდგომარეობა, ფაქტობრივად, გაკოტრებამდეა მისული.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, კი 1-ლი ოქტომბრიდან – საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები.