"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ გაიაზრა საკუთარი როლი ბავშვთა დაცვის სფეროში. ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციაში თერჯოლაში 11 წლის ბავშვის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს მოყვა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა ბავშვის ყველა ტიპის ძალადობისა და უგულებელყოფისაგან დაცვა, თუმცა ხელისუფლება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.
DRI-ის იურისტი მაია ნასრიშვილი აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია ამ კუთხით სპეციალური ცხელი ხაზის შექმნა და მთავრობას ახსენებს ვალდებულებას, რომელის მიხედვითაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პარლამენტისთვის ჯერ კიდევ 6 თვის წინ უნდა წარედგინა.
"სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იღებს პასუხისმგებლობას და არ უთითებს იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო პოლიციის ჩართულობა ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევაზე. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ცხელი ხაზი, რომელიც ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, ბავშვზე მორგებული იქნება,"- განაცხადა მაია ნასრაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა.