23 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
თუ ბავშვმა თავი მოიკლა წესს ვერ ავუგებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს - მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე გარდაცვლილ 11 წლის მოზარდზე

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად, თუ თვითმკვლელობა დასახელდა, მოზარდს წესის აგების გარეშე დაკრძალავენ. ოჯახი და სასულიერო პირები მომხდარზე ექსპერტიზის ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე "რუსთავი 2-თან" საუბარში აცხადებს, რომ თუ მოზარდმა თავი მოიკლა, მას წესს ვერ აუგებენ და ვერც გამონაკლისს დაუშვებენ. თუმცა ის აცხადებს, რომ ამ თემით დაინტერესდება და მამაოებს მოკითხვას დაავალებს.

"არ ვიცი ამის შესახებ, ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში ექნება.

11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია. გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არაა," - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

თერჯოლაში გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

დღის ამბები