04 ოქტომბერი 2026,   23:55
ვრცლად
"პროცესი მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა, ამომრჩეველს ჰქონდა არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის შესაძლებლობა" - შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ვანში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ვაჟა ხელაძემ ხმების 87.16% მიიღო. "ლელოს" კანდიდატმა, ბექა კოპალაძემ 12.83.

წალკის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ნანული ხინიკაძემ ხმათა 96.74% მიიღო, "ლელოს" კანდიდატ ზაზა შანთაძეს - 3.26% აქვს.

დმანისის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატს ირაკლი სარსევანიძეს მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილე ადამიანების 98.49%-მა. "ლელოს" კანდიდატმა, ვაჟა ნონიაშვილმა 1.50% მიიღო.

რაც შეეხება ახმეტის მაჟორიტარულ ოლქს, აქ არჩევნებში მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობდა და მან 115 ხმა მიიღო. შედეგად უკვე არჩეულია საკრებულოების 4 მაჟორიტარი წევრი.

კენჭისყრის დღე შეჯამდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა.

"პროცესი მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა, ამომრჩეველს ჰქონდა თავისუფლად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. პროცესი იყო მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული.

ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა, ცხადყო და გვაჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებაში არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, ამ არჩევნების გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და კითხვის ნიშნებიც, ფაქტობრივად, არ არსებობს, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროცესი იყო სრულად გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული და ჩართული პირისთვის, რომელსაც შესაბამისი აკრედიტაცია ჰქონდა გავლილი.

ეს არჩევნები, მიუხედავად მისი მასშტაბისა, კიდევ ერთხელ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ადმინისტრაციამ, როგორც 3 ოქტომბრის, ასევე გასული წლის და 2024 წლის არჩევნები მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარა, რაზეც ცალსახად არის საუბარი ეუთო/ოდირის 2024 წლის არჩევნების შეფასების დასკვნაში, სადაც არჩევნები შეფასებულია, როგორც კარგად ადმინისტრირებული, გამჭვირვალე პროცესი", - განაცხადა  გიორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები