უკვე რამდენიმე საათია, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში იმყოფება. მიხეილ რამიშვილს, სავარაუდოდ, იმ კადრების სრულ ვერსიას გააცნობენ, სადაც სუს-ის ბალანსზე არსებული მანქანების გადაადგილებაა ასახული.
ეს იყო დღეს ოჯახის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც მათ გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადეს. ასევე, დაღუპული პროგრამისტის ახლობლები ექსპერტიზის დასკვნების გასაჯაროებას და საქმის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიება არა თვითმკვლელობამდე მიყვანის, არამედ მკვლელობის მუხლით უნდა მიმდინარეობდეს.
თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი 5 დღე ეძებდა. ის გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იპოვეს. გამოძიება საქმეზე თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.