"ბავშვთა უფლებათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებები ხვალიდან ამოქმედდება. ახალი მოდელის მიხედვით, სოციალური მუშაკი სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს და სიღარიბე ვერ გახდება ბავშვის ოჯახიდან გაყვანის საფუძველი.
სოციალური სააგენტოების პარალელურად იმუშავებენ მულტიფუნქიური ჯგუფები, რომელიც მონიტორინგს გაუწევენ სოციალური მუშაკების საქმიანობას და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ოჯახის გაძლიერებას.
უცვლელი რჩება შინაგან საქმეთა სამინიტროს როლი. ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცველები ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. პარლამენტმა "ბავშვთა უფლებათა კოდექსი" გასულ წელს დაამტკიცა.
"კოდექსი ქმნის ერთიან სისტემას, როგორ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც სავალდებულო არის ყველასთვის შესასრულებლად, კოდექსის მთავარი ქვაკუთხედი არის ის, რომ ოჯახები უნდა გავაძლიეროთ.
სიღარიბის, ძალადობის, ჩაგვრის და ა.შ. ფართო მასშტაბები აუცილებლად უნდა შემცირდეს" - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი, საეტაპო ღონისძიებაა და მიხარია, რომ სხვებთან ერთად, ვინც ამ საკითხზე ბევრს მუშაობდა, მეც ვზეიმობ ბავშვთა უფლებების კოდექსის დამტკიცებას. ამ კოდექსზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა პარლამენტში, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.
აშშ ამაყია, რომ მხარს უჭერდა ბავშვთა უფლებების კოდექსთან დაკავშირებულ სამუშაოს, რაც საბოლოოდ, კოდექსის მიღებით დასრულდა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსი პირველ ადგილზე აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
ყველა უჭერდა მხარს აქ კოდექსს, უტარებდა ტრენინგებს სოციალურ მუშაკებს, ვეხმარებოდით მუნიციპალიტეტებს ტრენინგებში, რათა უკეთ გაეგოთ კოდექსის არსი და როგორ უნდა შესრულდეს ის.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს კოდექსი უპირველეს ადგილზე აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, ეს ხდება გაეროს ბავშვთა კონვენციის ჩარჩოში და საზოგადოებაში ოჯახის როლის გათვალისწინებით," - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
"დღეს ჩვენ მომსწრე ვართ უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო პაკეტის ძალაში შესვლის. ვიცით, რომ ძალიან დიდი შრომა ჩაიდო ამ პაკეტის მომზადებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ წინ ძალიან დიდი სამუშაო გველის. მნიშვნელოვანია რომ ეს პაკეტი კონსენსუსით იქნება მიღებული და ამ პაკეტს ბავშვთა უფლებები ახალ ეტაპზე აჰყავს. ეს იგივეა, როცა გზაზე მიდიხარ და გაქვს კარგი რუკა, სწორედ ასეთ როლს შეასრულებს ეს კოდექსი," - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ჰარცელმა.