31 აგვისტო ნარკოტიკის ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა "გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე" გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, ნარკოლოგები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მრგვალ მაგიდაზე საუბარი გაიმართა ზედოზირებასა და არსებული გამოწვევების, ფსიქიკური აშლილობის, პირველადი ფსიქოზების და მათი მართვის შესახებ საკითხებზე.
ასევე, განიხილეს ნალოქსონის რეგულაციის შესახებ საკითხი. შეხვედრის მიზანი სტრატეგიების დასახვა და იმ ღონისძიებების დაგეგმვა იყო, რომლებიც ნარკომომხმარებლების ცნობიერების დონეს კიდევ უფრო აამაღლებს.
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის დირექტორის, კახა კვაშილავას ინფორმაციით, ზედოზირების გამო მსოფლიოთი 200 ათასამდე ადამიანი იღუპება.
"ეს არის გლობალური პრობლემა. მსოფლიოში, წლის განმავლობაში, დაახლოებით, 190 ათას ადამიანზე მეტი გარდაიცვლება. გადაწყვეტილების მიმღებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ზედოზირება აღიარეს, როგორც პრობლემა, შესაბამისად, ზედოზირების მიმართ მეტი მგრძნობელობა გამოიჩინოს სახელმწიფომ, არ შეუშალოს ხელი რეგულაციებით ზედოზირების შემთხვევების გამოვლენას და გახადოს ხელმისაწვდომი ნალოქსონი, რომელიც ზედოზირების შემთხვევაში გამოიყენება,"-განაცხადა კახა კვაშილავამ.
"საქართველოს ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის" კონსტანტინე ლაბარტყავას განცხადებით, ზედოზირების პრობლემის გადაწყვეტაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უმთავრეს პრობლემად რჩება.
"მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 200 ათასამდე იღუპება ამ პრობლემით. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ რეცეპტორულ სისტემაში გვაქვს ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატი, რომელიც აუცილებელია ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ზედოზირებისას და ეს კიდევ ერთ პრობლემად რჩება რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში,"-განაცხადა მან.