საბავშო ბაღების გახსნა სექტემბრის თვეში ვერ მოხერხდებოდა, რადგან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სექტემბრის თვეში ერთბაშად მობილობის გაზრდა დადებითი დინამიკის მომტანი არ იქნებოდა - ამის შესახებ "დღის კურიერში" ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ისაუბრა.
"საკოორდინაციო საბჭომ როდესაც იმსჯელა ამ საკითხზე, მხედველობაში მიიღო რამდენიმე პუნქტი, გარემოება, რომ მობილობის გაზრდა ერთიანად სექტემბრის თვეში არ იქნება დადებითი შედეგების მომტანი.
ჩვენ როდესაც მოგვეცა ამის შესაძლებლობა, შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომელიც დარგთან ერთად არის შეთანხმებული.
ჩვენ ბუნებრივია რისკების შეფასებაზე დაყრდნობით ვახდენდით ნებისმიერი ეკონომიკური გახსნის გადაწყვეტილების მიღებას. რეკომენდაცია ფაქტობრივად აზრს იქნებოდა მოკლებული, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის შესაბამისი ავტორიტეტული უწყებები და ეპიდემიოლოგიური ვითარება არ მოგვცემდა საშუალებას, რომ გარკვეულწილად მოგვესწრო და შეგვემუშავებინა რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები ბუნებრივია ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და იმ გამოცდილებას, რომელიც ქვეყანაში არსებობს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.
საბავშვო ბაღების შემოწმება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არამხოლოდ სახელმწიფო, არამედ თითოეული ოჯახი, მშობელი იყოს დაცული, მისი ბავშვი მივიდეს უსაფრთხო გარემოში. ამას ემსახურება სწორედ შემოწმება," - აღნიშნა ბექა ფერაძემ.