აქცია კანცელარიასთან - კერძო საბავშვო ბაღების თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლები სასწავლო პროცესის განახლების უფლებას ითხოვენ. კერძო ბაღებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება 1 ოქტომბრიდან აქვთ, რაც თანამშრომლებისა და მშობლებისთვის მიუღებელია. იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებულ ყველა მოთხოვნას უკვე პასუხობს, აქციის მონაწილეები სასწავლო პროცესის უახლოესი დღეებიდან განახლებას ითხოვენ.
ხვალ საკოორდინაციო საბჭო უნდა შეიკრიბოს და ამ საკითხზეც იმსჯელოს.
"რეგულაციებით დადგენილი ყველა მოთხოვნა წესრიგში გვაქვს, ყველა ბაღი შეთანხმებული ვართ, მთელი ზაფხული ვმუშაობდით და მზად ვართ ბავშვების მისაღებად. თუ პროცესი 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ჩვენ დავიხურებით. მეიჯარეები ითხოვენ იჯარას, რომელსაც ვერ ვიხდით, რადგან ნახევარი წელია შემოსავალი არ გვაქვს,"- ამბობს საბავშვო ბაღის "ვალდორფი" აღმზრდელი ნანა ღვინჯილია.
"არის მშობლებისგან ხვეწნა-მუდარა, მეიჯარეებიც ცუდ დღეში არიან. სექტემბრის ნებისმიერი რიცხვი ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება,"- აცხადებს საბავშვო ბაღის "ბაბილინა" დირექტორი მაკა აბაშიძე.
"ჩვენ საკონტრაქტო ვალდებულებები მეიჯარეებთან გვაქვს 1 სექტემბრიდან, 6 თვის განმავლობაში ვერ გადავიხადეთ საიჯარე ვალდებულება, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთი თვით რომ გადაგვეწიოს ეს პერიოდი, მოგვიწევს ფართების დაცლა, რაც მიგვიყვანს გაკოტრებამდე,"- აცხადებს ბაღების გაერთიანების წევრიკარლო ქალიაშვილი.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კერძო ბაღებს მოცდა მოუწევთ, რათა ქვეყანაში სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ დაიწყოს.