19 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.

პრემიერმა ყურადღება კონტროლის მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.

მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 7 ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 4 შემთხვევა შემოტანილია (მათგან 2 მძღოლია), ხოლო 5-ის შემტხვევაში ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება. 



დღის ამბები