ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ფიქრობს, რომ კორონავირუსი არ არსებობს, ცდება. მეჭურჭლიშვილის თქმით, მას უშუალო შეხება აქვს ინფიცირებულ პაციენტებთან, რომელთა ნაწილსაც რთულად გადააქვს ინფექცია.
"შემთხვევების ზრდა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან ჩვენ ვხედავდით ნელ-ნელა შემთხვევათა რაოდენობის ზრდას, ასევე, წყაროს გარეშე მყოფი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას, რაც მოულოდნელი ნამდვილად აღარ ყოფილა ეს 38 შემთხვევა.
კორონავირუსი ნამდვილად არსებობს. მე და ყველა მედპერსონალი, ვინც მუშაობს კოვიდცენტრებში, ყოველდღე ვხედავთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ეს კორონავირუსი. უმრავლესობაში ეს მარტივად გადაიტანება, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მძიმედ, ან კრიტიკულად მძიმედ, ან საერთოდ - სავალალო შედეგიც კი აქვს. ამ ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ და მათ გამო უნდა დავიცვათ რეგულაციები.
ძირითადი გართულება, ეს არის სუნთქვის უკმარისობა, როდესაც ადამიანს სჭირდება აპარატული დახმარება და აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანა. ასეთი შემთხვევებიც საკმაოდ ხშირი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. იყო, ასევე, თრომბოემბოლიური გართულებები, როდესაც იყო ფილტვის ინფარქტი, იყო ინსულტებიც, ასე რომ არ არის ეს ხელწამოსაკრავი ვირუსი. არ არის ჩვეულებრივი გრიპივით დაავადება, შესაბამისად, ცოტა მეტი ყურადღება გვმართებს მასთან მოპყრობაში," - აღნიშნა რევაზ მეჭურჭლიშვილმა "დღის კურიერში".