ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კლუბ "დეჟავუში" მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 3 ადამიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ალადაშვილისა და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკებში არიან მოთავსებულნი.
"კურიერი" ერთ-ერთი დაშავებულის შვილს გაესაუბრა. მისი ინფორმაციით, დაშავებული მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც თავში ბლაგვი საგანი მოხვდა. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ლევან ფსუტურის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს ნახეთქი ჭრილობა აქვს თავზე, თხემის არეში. მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მძიმეა იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის ექიმის ინფორმაციით, პაციენტს აქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ტრავმული შოკი. მისივე განცხადებით, პაციენტი გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, აქვს დამწვრობა სახის და გულ-მკერდის არეში, ჭრილობები აქვს კისრის, მხრის და გულ-მკერდის არეში. ექიმის ინფორმაციით, მიმდინარეობს სრულყოფილი კვლევები და შემდეგ გადაწყდება, საჭირო არის თუ არა ოპერაციული ჩარევა.