19 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე დაკითხულმა მოწმემ სალომე ჭკადუამ გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანების სასამართლო პროცესზე, 4 მოწმე და ასევე გამომძიებლები დაიკითხნენ. ერთ-ერთმა მოწმემ სალომე ჭკადუამ, გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, დაინახა ნაცემი ვახტანგ ჩიქოვანი, ნ.ხ. და ასევე დაინახა, რა დაზიანებები ჰქონდათ კონფლიქტის მონაწილეებს.

"სალომე ჭკადუამ აგარაკის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა, კერძოდ, იქ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, რაც შემდეგში შურისძიების მოტივით თავდასხმის საფუძველი გახდა. მოწმემ ასევე ვიდეო ჩანაწერებზე იდენტიფიცირება მოახდინა, კონკრეტულად კი, "მერსედესის" ავტომობილის მგზავრების. მოწმემ აღნიშნა, რომ მან პიროვნებები სატელეფონო კონფერენციის სახით დააკავშირა და მოისმინა, როგორ საუბრობდნენ ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით," - აცხადებს პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოთხი არასრულწლოვანი პატიმრობაში დარჩა. 

მათი ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ არასრულწლოვნების მიმართ უკიდურესი ფორმა - პატიმრობა, უფლებადამცველების მოთხოვნის მიუხედავად არ შეცვალა. 

"ახალი გარემოება არის ის, რომ გამოიკითხა საქმის მოწმეები და ამოიწურა ის საფრთხეები, რაც საწყის ეტაპზე იყო. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეცვლილიყო, რადგან ამის წინაპირობა არსებობდა. სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ უკიდურესი ზომა გამოიყენა,"- აღნიშნავს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

პროცესს პაუზის შემდეგ, არასრულწლოვანი ზ.ხ დაესწრო. მისი ადვოკატის თქმით, მიზეზი იმის გაგება იყო, დაკითხავდნენ თუ არა სასამართლო პროცესზე ამირხანაშვილს. თუმცა ამაზე მან ინფორმაცია ვერ მიიღო. 

"ზ.ხ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული იყო, ამის ერთადერთი მიზეზი კი ის იყო გაეგო, თუ როდის დაიკითხებოდა სასამართლო სხდომაზე ამირხანაშვილი. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მან ვერ მიიღო. როგორც მან განმარტა, შემდეგ პროცესებზე აღარ გამოცხადდება,"- აღნიშნავს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს სახაზინო ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი.

დღის ამბები