რამ გამოიწვია ძლიერი აფეთქება კლუბ "დეჟა ვუში" - გამოძიებას ამ დრომდე ოფიციალური და დადასტურებული ინფორმაცია არ გაუვრცელებია. პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. თუმცა, ამ ვერსიას არ იზიარებს კლუბის დირექტორი, რომელიც აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ჟანგბადის ბალონი არ ყოფილა.
ამ დროისთვის დაწესებულება დალუქულია. გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის პროცესზე გადავიდნენ. თვითმხილველებს ესაუბრა "კურიერიც", ერთ-ერთი მოქალაქე ყვება, როგორ ცდილობდა გადაერჩინა ცეცხლმოკიდებული მამაკაცი, თუმცა, უმძიმესი მდგომარეობის გამო, ეს ვერ შეძლო.
კოსტავას 36 ნომერში კლუბ "დეჟა ვუს" გარე პერიმეტრზე ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთი გვიან ღამით გაწერეს. 2 პირი ისევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
უბედურ შემთხვევას 26 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ გიგა გრიგალაშვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. მომხდარის რეალურ მიზეზზე საგამოძიებო უწყებამ დასკვნა უახლოეს დღეებში უნდა გაასაჯაროოს.