"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ხელისუფლებას ახსენებს იმ გამოუძიებელ საქმეებს, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებას და მუქარას უკავშირდება.
ამით გიორგი ვაშაძე პასუხობს გიორგი გახარიას და ამბობს, რომ თანაგუნდელის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროების მუქარასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას არ მიმართავენ.
ინფორმაცია სტრატეგია აღმაშენებელმა სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით გუშინ გაასაჯაროვა.
"ბატონმა ე.წ პრემიერმა მოგვიწოდა, რომ იმ სამართალდამცავებისთვის მიგვემართა ვისაც ნული საქმე აქვთ გამოძიებული. ჩვენი მხრიდან არის ნულოვანი ნდობა,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი მისი გუნდის წევრზე შანტაჟის შესახებ საუბრობს.
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მის ერთ-ერთ თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებენ. მომხდარს ვაშაძე მათ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.
მის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც - გიორგი გახარიას თქმით, თუ შანტაჟის შესახებ ინფორმაცია არსებობს, ამის შესახებ ვაშაძემ არა ჟურნალისტებს, არამედ - სამართალდამცველებს უნდა მიმართოს.