გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა ბრალდებულის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსამართლემ ის 2500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
თავად ვერონიკა არონია ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არც ერთ ბრალდებულს არ იცნობს, ასევე არ იცნობდა გარდაცვლილ ფეხბურთელს. მისივე თქმით, მთავარი ინტერესი კარიერულ წინსვლა იყო.
"განიზრახა კარიერული ზრდის მიზნით სენსაციური მასალის შექმნა. რა თქმა უნდა, მას იმ პერიოდში არ გაუაზრებია, რომ შესაძლებელია ეს სისხლის სამართლის დანაშაულში გადაზრდილიყო და რაიმე ზიანი მიეყენებინა ვინმესთვის, არც ანგარებითი განზრახვა არ ქონია მას," - ამბობს ვერონიკა არონიას ადვოკატი ანა ჟღენტი.
ვერონიკა არონია დანაშაულს აღიარებს. 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის 20 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცრუ ჩვენების ავტორის მიზანი პოპულარობა იყო.