სახალხო დამცველი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აქვთ.
ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში სულ 143 ბაგა-ბაღი შეისწავლეს, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა და გაარკვიეს, რა პრობლემებია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგი ასახულია ერთ კვლევაში, რომლის შედეგებიც დღეს გახდა ცნობილი.
"სერიოზული პრობლემები რჩება ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სუფთა და თბილი წყლის ხელმისაწვდომობის, სათამაშოების ნაკლებობის მიმართულებით. ასევე, ეზოების მოწყობის, ადამიანური რესურსის ნაკლებობის და შშმ ბავშვთა მისაწვდომობის თვალსაზრისით. 70%-ზე მეტ შემთხვევაში ბაღები განიცდიან სათამაშოების მწვავე ნაკლებობას,"-განაცხადა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ.
სკოლამდელი განათლების ექსპერტის, ნანა ჯანელიძის განცხადებით, საბავშვო ბარებში გამოწვევებია როგორც ინფრასტრუქტურის და ჰიგიენის, ასევე კვალიფიციური კადრების თვალსაზრისით.
"სკოლამდელი განათლების სფეროში ჯერ კიდევ ბევრი მწვავე პრობლემაა. ეს ვრცელდება როგორც ინფრასტრუქტურაზე, ასევე წყალი, სანიტარია, ჰიგიენაზე, კვალიფიციურ კადრებზე, რომლებიც ბავშვებთან მუშაობს და საგანმანათლებლო რესურსებზე. ანუ, ყველა ძირითად საკითხში სერიოზული გამოწვევებია საბავშვო ბაღებში,"-განაცხადა ნანა ჯანელიძემ.