19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე მესამედ აირჩიეს

117 დელეგატის მხარდაჭერით ლერი ხაბელოვი ისევ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია. ის ამ პოსტზე უკვე მესამედ აირჩიეს. ხაბელოვმა კომიტეტი 4 წლით ჩაიბარა. დღეს არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთი კანდიდატი იყო.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, არჩევნები ხარვეზის გარეშე, წესდების დაცვით წარიმართა. 

"ჩვენ რომ 100%-იანი მხარდაჭერა მოვიპოვეთ, ეს არის ჩვენი საზოგადოება, საზოგადოება ირჩევს თავის ლიდერს. სწორედ საზოგადოებას ვეყრდნობოდით, რომ წესდებაში სისწორე არ შევიდა, ამ საზოგადოებამ მიიღო ეს წესდებაც. ასე რომ, მე ვმოქმედებ წესდებით, არავითარი ხარვეზი არ აქვს, რამეთუ ეს არის მხოლოდ ჩვენი მიღებული წესდება, ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თანხმობით დაზუსტებული და დამტკიცებული წესდება.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის განცხადებით გადაწყვეტილების მიღებაში ყველა წამყვანი ფედერაციების ხელმძღვანელები და დელეგატები იყვნენ ჩართულნი.
„ერთხმად მოხდა მისი არჩევა. მთელმა სპორტულმა საზოგადოებამ, ყველა წამყვანი ფედერაციების ხელმძღვანელებმა დაც დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს ლერი ხაბელოვი. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება,"-განაცხადა შოთა ხაბარელმა. 

ლერი ხაბელოვის არჩევას ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც. ყვარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ქევხიშვილმა პროტესტის ნიშნად ყრილობა დატოვა. 

"არჩევნები ამ ფორმით არ შეიძლება ჩატარდეს, იმიტომ, რომ უსამართლოა და კანონის ჩარჩოებიდან არის გასული. აქედან გამომდინარე, ამ დანიშვნაში მონაწილეობის მიღების სურვილი ნამდვილად არ მაქვს და ამიტომ ვტოვებ. არამარტო არჩევნების თარიღზე ვსაუბრობ, ზოგადად, იმ სისტემაზე, სადაც მას ამ სისტემამ საშუალება მისცა, რომ ყოფილიყო მარტო წარმოდგენილი. ფაქტობრივად, არავის აქვს საშუალება იყოს მისი კონკურენტი და ეს 11 სექტემბერს ჩატარდება თუ 30-ში, მაინც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა,"-განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ წესდება შეიცვალა და სხვა კანდიდატს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.

"მე არ ვარ არავის მტერი, ვარ ქართული სპორტის მოყვარული და ქართული სპორტის სიყვარულს დღევანდელი დღე არ წარმოადგენს, ეს არის სამარცხვინო. შეიცვალა წესდება, სხვა კანდიდატს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არცერთი ფედერაციის წარმომადგენელს არ შეხვედრია, რომ რა პერსპექტივაა ან რა გეგმებზეა საუბარი,"-განაცხადა გიორგი ასანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან უკვე მოქმედი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ორი დღის განმავლობაში აქცია მიმდინარეობდა. დღეს ოლიმპიურ კომიტეტთან არჩევნების გადადებას ითხოვდნენ და ლერი ხაბალერს კორუფციაში ადანაშაულებდნენ.  

დღის ამბები