სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა განცხადა, რომ ტელეკომპანიაში იკვლევენ იმ ჟურნალისტის კონტაქტებს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
მისი თქმით, ტელევიზიას ჰქონდა შეძენილი სწრაფი ტესტები პრევენციის მიზნით. როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა, ყველა იმ თანამშრომელს ჩაუტარდება ტესტირება, რომელებიც ამჟამად ტელევიზიასი იმყოფებიან.
“ ჩვენ, ასევე ვადგენთ კონტაქტებს და იმის შესაბამისად, თუ რა სურათს მივიღებთ უახლოეს რამდენიმე წუთში, გადავწყვეტთ თანამშრომელთა რა ნაწილი დარჩება ოფისში, ნიუსრუმში, რა ნაწილს მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა და ტესტირების გაკეთება. დღეს, 22:00 საათზე დაგეგმილი გვქონდა „ღამის კურიერი“ , ჩვენი სტუმარი არჩილ თალაკვაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო ამ გადაცემას დღეს ეთერიდან ვხსნით.
თუმცა, როგორც კი გადავალთ საგანგებო მუშაობის რეჟიმზე შექმნილი მდგომარეობიდან, პოლიტიკური სეგმენტი კვლავ აუცილებლად დაუბრუნდება თავის ადგილს ჩვენს ბადეში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არასასურველი ვითარება ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო.
ვხედავდით იმ რისკს, რადგან მეორე ტალღის დაწყებასთან ერთად რისკის ერთ-ერთი ჯგუფი სწორედ ჟურნალისტები არიან, რომლებიც შექმნილ მდგომარეობას აშუქებენ. შესაბამისად, რისკებს ვაფასებთ და ვიღებთ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.