თურქეთში მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ "კურიერმა" მეტი დეტალი გაარკვია. როგორც ირკვევა, დანაშაული ჩაიდინა მოკლულის მეუღლემ, რომელიც მასზე ხშირად ძალადობდა. გარდაცვლილიც და ძებნილიც თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდნენ, ორივე საქართველოს მოქალაქეა.
"კურიერი" ძებნილის ოჯახში იმყოფებოდა. თუ რა გახდა ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი, ოჯახის წევრებმა არ იციან. თუმცა მათი თქმით, დაპირისპირება პირველად არ მომხდარა და როცა ქალი დახმარებას საჭიროებდა, მას არავინ დახმარებია.
"ირაკლი არის ლტოლვილი და ჰაერშია, არსად არ აქვს სახლი... ამისთვის რატომ მოხვედით?! როცა საშველი იყო, არავინ არ დახმარებია, არც სოციალური სამსახური, არავინ! ახლა ინტერვიუზე ნუ მოდიხართ! მე თვითონ რომ ვიცოდე, რა მიჭირს?! არაფერი არ ვიცი.
როცა საჭირო იყო დახმარება, ნეტავ, მაშინ მოსულიყავით და დახმარებოდით..." - ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრი.
"კურიერი", ასევე, დაუკავშირდა მოკლული ქალის მეგობარს, რომელიც ადასტურებს, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლი იყო.
"ეს ბიჭი იყო სულ აგრესიული. ძალიან ბევრს ემუქრებოდა, ამაზრზენი იყო. საშინელ სიტყვებს ეუბნებოდა და აწამებდა. სურათებიც გვანახა, როგორი ნაცემი იყო. მოკლედ, ძალიან რთული სიტუაცია იყო და აქედან ვერაფერს ვშვებოდით. მე უნდა ჩავსულიყავი თურქეთში სამი დღით, სანახავად და მითხრა, უნდა გაგაპაროს შენ ესპანეთშიო და ძალიან უცემია. ამაზე გავგიჟდი, მეთქი - გოგო, წამოდი! თვის ბოლოს წამოვალო, ჩაკეტილ კარში მძინავსო, რომ არ შემომივარდესო და თვის ბოლოს წამოვალ, ხელფასს, რომ ავიღებო. ჩემს ამბავს მოყვა მისი ცემა და ამაზე ძალიან ვნერვიულობ," - აღნიშნა მოკლულის მეგობარმა თეონა საღინაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ სტამბოლში საქართველოს მოქალაქის გვამი აღმოაჩინა.
წინასწარი ინფორმაციით, 32 წლის ქალის ცხედარს ცემის კვალი აღენიშნება. სასიკვდილო ჭრილობები კი მას, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.