19 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
დაიწყება თუ არა სწავლა სკოლებში დაწყებითი კლასებისთვის - განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ინფიცირების რისკი მაღალია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე "დღის კურიერის" ეთერში სწავლის დაწყებასა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ საუბრობს. ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ განათლების სამინისტრო მზად იყო, ხვალ, 15 სექტემბერს  სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაწყებულიყო, რისთვისაც გაწეულია უზარმაზარი შრომა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. 

ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ მოლოდინი არსებობდა იმისა, რომ არა მარტო პირველკლასელები, არამედ ყველა მოსწავლე ხვალ სკოლაში წავიდოდა. 

"მე მინდა ვუთხრა ყველა მშობელს, რომ განათლების სამინიტროს ძალიან კარგად აქვს გააზრებული, იმიტომ რომ აქ მუშაობენ განათლების სპეციალისტები, ჩვენ გვყავს ფსიქოლოგების ჯგუფი და ძალიან კარგად ვიცნობთ ბავშვის განვითარების ეტაპებს და იმ საჭიროებებს, რომელ ასაკში რა ტიპის ჩარევა არის საჭირო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ ასაკის ბავშვებისთვის საკლასო ოთახში განხორციელდეს ეს ღონისძიებები. მათთვის სხვადასხვა უნარების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდეს. თუმცა, აქ არის საუბარი იმაზე, რომ შფოთვა, რომელიც არსებობს, ეს არ ვრცელდება განათლების სისტემაზე და სურვილი, დაიწყოს სასწავლო პროცესი, არის ძალიან მაღალი," - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ  ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელების რისკი საკმაოდ მაღალია. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პირველ კლასელების შემთხვევაში გარკვეული გამონაკლისი დაიშვას, თუმცა ინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია. 

"ჩვენი მოლოდინიც არის, რომ ეს დაშვებები გარკვეულწილად გაკეთდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ რისკი არის  მაღალი ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან არსებული რეკომენდაციის საფუძველზე, რომ კიდევ უფრო მეტად ხელს შევუწყობთ არსებული ვირუსის გავრცელებას. შესაბამისად, ის რომ დღეს გვაქვს სტატისტიკა იმ მასწავლებლების, იმ სპეციალისტების, რომლებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ და დღეს ყოველ წუთას მოდის ინფორმაცია სამინისტროში, რომ მაგალითად რესურსცენტრის თანამშრომელს აღმოაჩნდა, მასწავლებლებს ეს აღმოაჩნდა... ნელ-ნელა ვლინდება ამ ადამიანებში ვირუსი.

ხვალ, შეიძლება, საკლასო ოთახი რომ გაგვეხსნა, თუნდაც დიდ ქალაქებში, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ყოფილიყო მაღალი რისკი იმის, რომ ამ ბავშვებს, მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სერიოზული საფრთხის წინაშე დავაყენებდით," - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ. 

კითხვაზე, თუკი ოჯახებს არ აქვთ საშუალება ორი ან მეტი ბავშვის შემთხვევაში საკმარისი კომპიუტერების შეძენის, ასეთ შემთხვევაში როგორ იქცევა სახელმწიფო - ეკატერინე დგებუაძე ამბობს, მიმდინარეობს დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები და შეძენილი იქნება კომპიუტერები, რომლებიც სკოლებს გადაეცემათ და თუკი სკოლა ჩათვლის, რომ მოსწავლეს ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება, ის ტექნიკით უზრუნველყოფს. 

"მე ვახსენე დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ მხარი დაუჭიროს განათლების სამინისტროს. ეს კომპიუტერები, როდესაც იქნება შესყიდული, იქნება სწორედ ამ ბავშვებისთვის საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებული და გადაეცემა სკოლებს," - აცხადებს ეკატერინე დგებუაძე. 

ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ მოსწავლეებისთვის უფრო მეტად გაიზარდოს ხელმისაწვდომობა, შეიქმნა ტელესკოლა.  

"იმის გამო, რომ არსებული ფონი საქართველოში ვიცით, იმის გამო, რომ ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად იყოს ამ ბავშვებისთვის, შევქმენით სწორედ ის დამატებითი საგანმანათლებლო სერვისი, პროექტი, რასაც ჰქვია ტელესკოლა, რომელიც ხვალ ასევე დაიწყება," - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ. 

დღის ამბები