სექტემბერში დაწყებული ყოველდღიური მნიშვნელოვანი მატების მიუხედავად, ხელისუფლება საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს. ზოგადად, მთელი მსოფლიო ამ არჩევანის წინაშეა.
რატომ არ იკეტება ქვეყანა დღეს და რატომ მოხდა კომენდანტის საათის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მაშინ, როდესაც დღევანდელზე ბევრად ნაკლები შემთხვევა იყო - ამაზე მთავრობის პასუხი ასეთია: სამედიცინო სექტორი დღეს გაცილებით მომზადებულია, ვიდრე ეს ახალი კორონავირუსის მოულოდნელი გავრცელების პირველ ეტაპზე იყო.
მოქმედების ტაქტიკა ამ ეტაპზე ე.წ. წერტილოვან დარტყმებს მოიცავს. კონტროლი გამკაცრდება იმ ზონებში, სადაც ინფექციის გავრცელების მაღალი რისკი იარსებებს.
კითხვაზე, არსებობს თუ არა უახლოეს დღეებში ზრდადი დინამიკის შენარჩუნების მოლოდინი, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ეს მოსალოდნელია, თუმცა არა იმდენად, რომ ქვეყანამ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგოს.