საოკუპაციო რეჟიმი მავთულხლართების პოლიტიკას განაგრძობს. უკვე რამდენიმე დღეა რაც ე.წ. მესაზღვრეები ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ახალ ნიშნულებს აკეთებენ.
სამუშაოები დღეს დილითაც განახლდა სოფელ ხურვალეთში. ოკუპანტები გამოჩნდნენ იქ, სადაც თავისუფლად გადაადგილება აკრძალულია. ეს უკანონო სამუშაოები კი იმდენად ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ყველაფერი კარგად ჩანს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელები იმ დროს მუშაობენ, როდესაც პოლიცია მიმდებარე ტერიტორიას დროებით ტოვებს.
"გუშინ ვერ იმუშავეს, იმიტომ, რომ პრესა, ტელევიზია, ქართული პოლიცია აქ იდგა 5-6 მანქანა და ეს გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნის მათ და ამიტომ გუშინ არ მუშაობდნენ, დღეს დილიდან რომ გადმოიხედეს და არავინ იყო აქ ახლომახლო და დისკომფორტს არ ვუქმნიდით, ისევ განაახლეს მუშაობა," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გარეთ გასვლის ეშინიათ, რის გამოც საცხოვრებელს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა არ ტოვებენ. საოკუპაციო ხაზი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრში გადის, მოსახლეობა კი შეშინებულია.
"ელემენტარულად უკან რომ გავიდეთ გვეშინია. სულ მოსახვეტია ყველაფერი, მაგრამ ვერ გავდივართ. ჩემი ბიჭი მყავდა აქ, მაგრამ გუშინ გავუშვი, იმიტომ, რომ მეშინია. ძალიან დაძაბულობაა. მოთხოვნა რა გვაქვს კიდევ, რომ სულ არ მინდა ეს სახლი, სადმე რაღაცით დაგვაკმაყოფილონ, ღამე გეფიცები, მორიგეობით გვძინავს. გინდა-არ გინდა შიში გაქვს," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.