19 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ინფექციის გავრცელების ლოკალიზება ვეღარ მოხერხდება, საჭიროა ბინაზე მკურნალობის მეთოდზე გადასვლა - მაია ბუწაშვილი  

ინფექციონისტი, კლინიკა ”ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგე, მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, აღარ არსებობს იმის ვარაუდი, რომ კოვიდშემთხვევების გაკონტროლება და მისი ლოკალიზება მოხდება. მაია ბუწაშვილის შეფასებით, მოცემულ ვითარებაში კარგი ის არის, რომ უმეტესი შემთხვევები არის მსუბუქი სიმპტომებით ან უსიმპტომოდ მიმდინარე.

"დღევანდელი სიტუაცია აშკარად საყურადღებოა, შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად მატულობს და იმის ვარაუდი, რომ ამ შემთხვევების გაკონტროლება მოხდება და კვლავ ლოკალიზება, როგორც ეს ხერხდებოდა წინა თვეებში, უკვე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს ამისი მოლოდინი და შემთხვევები განუხრელად მოიმატებს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალით და დანაკარგებით მოხდეს განვითარება მოვლენების.

საყურადღებო მომენტი გვექნება ოქტომბრის ბოლოდან, როდესაც გრიპის სეზონური ეპიდემიაც დაემატება.

ყოველ შემთხვევაში, კარგი ის არის, რომ ძირითადად, გამოვლენილი შემთხვევები, როგორც ვხედავთ, არის მსუბუქი, ან უსიმპტომო მიმდინარეობის, ამიტომ მათი მართვა შედარებით უფრო ადვილია და გართულებების რისკები - ნაკლები,“ - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტის აზრით, რაც შეიძლება დროულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, რომ უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა და მათი მეთვალყურეობა ბინაზე მოხდეს. მისი თქმით, შემთხვევათა რაოდენობის ზრდის გამო, სტაციონარების გადატვირთა მოხდება, რაც დროულად უნდა მოგვარდეს.

"შემთხვევათა რაოდენობა რაც უფრო მეტად მოიმატებს, მით უფრო გადაიტვირთება სტაციონარები, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისვას საკითხი ბინაზე მკურნალობის შესახებ, იმიტომ რომ ის მოდელი, რაც ჩვენთან მუშაობს, ცოტა ხანში შეუძლებელი გახდება.

ყველა უსიმპტომო პაციენტიც ხვდება სტაციონარში. ამის არავითარი აუცილებლობა არ არის. კარგია, რომ შემცირდა საწოლ დღეების რაოდენობა და ეს პაციენტები რამდენიმე დღის შემდეგ გადაჰყავთ სასტუმროებში, მაგრამ ეს მოდელი უნდა შეიცვალოს. სასტუმროებში კარანტინი არ უნდა იყოს და ბინაზე მეთვალყურეობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად,“ - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მისი თქმით, თუკი ყველა უსიმპტომო პაციენტის სტაციონარში განთავსება მოხდება, ამ შემთხვევაში, ადგილების დეფიციტი გაჩნდება, სწორედ ამიტომ, მათი მკურნალობის მეთოდი უნდა დაინერგოს. 

დღის ამბები