გაუარესებული ეპიდვითარების გამო, სასწავლო პროცესის გადადება სკოლების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და საკუთარი პოზიცია აქციით გამოხატეს.
კერძო დაწესებულებების ხელმძღვანელები დღეს, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. გაჟღერდა კონკრეტული მოთხოვნებიც, რომ სკოლას მიეცეს საშუალება ინდივიდუალურად გადაწყვიტონ სასწავლო პროცესის დაწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განათლების სამინისტრო თვალყურს ადევნებს და მონიტორინგს ატარებს იმაზე, თუ როგორ გაგრძელდეს დისტანციური სწავლების პროცესი.
"განათლების სამინისტრო, ასევე მუნიციპალურ დონეზე საგანმანათლებლო რესურსცენტრები, თვალყურს ადევნებენ იმ პროცესებს, რომლებიც დღეს დაიწყო. როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და რამდენად არის დაცული ყველა ის სანიტარული ნორმები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს. ამ მიმართულებით, გაზაფხულზე სისტემამ საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო, ახლა კი უფრო ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, შემუშავდა საკანონმდებლო ბაზა და მარეგულირებელი დოკუმენტები. მიმდინარეობს მონიტორინგი იმაზე თუ როგორ გაგრძელდება დისტანციური სწავლების პროცესი," - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.
ყველა დიდ ქალაქში, 1 ოქტომბრამდე საკლასო დასწრებით სწავლა აკრძალულია. თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში, დღეიდან საგანმანათლებლო პროცესი, მხოლოდ დისტანციურად აღდგა.