19 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
სოფელ ბახვში 4 წლის ბავშვს კორონავირუსი ​დაუდასტურდა - მცირეწლოვანს ვირუსი დედისგან გადაედო

4 წლის ბავშვს კორონავირუსი ​დაუდასტურდა. პაციენტი გურიის სოფელ ბახვიდანაა და ვირუსი დედისგან გადაედო.

ახალგაზრდა ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. ის ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ გადაიყვანეს.

დღეს კი, ოჯახის მცირეწლოვან წევრზე ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხის შემდეგ, ბავშვი პალატაში მშობელთან ერთად მოათავსეს.

ბახვის გარდა, მასობრივი ტესტირება დაიწყო კიდევ ორ სოფელში. ადგილზე მოეწყო ბლოკპოსტები. ჩოხატაურის ორ სოფელში დაახლოებით 300-მდე ნიმუში გაიგზავნა ლაბორატორიაში და პასუხებს ხვალისთვის ელოდებიან.

გურიაში კორონავირუსის სულ 25 შემთხვევა გამოვლინდა.

"ჩაბარებულია ტესტები და ველოდებით პასუხებს. დღის განმავლობაში, გეგმიურ კვლევასთან ერთად, ყველა სავარაუდო კონტაქტი, რომელიც იყო დადგენილი, მოხდა მათი ტესტირება, ასევე ნიმუშები ჩაბარებულია. დაახლოებით 270 პირზე იქნა აღებული დამატებითი ტესტები და ყველა პასუხის მიღების შედეგ უკვე შესაბამისი რეაგირება იქნება, რეგიონის მასშტაბით დავიწყეთ სადეზინფექციო სამუშაოები, მივმართავთ მოსახლეობას და მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

რაც შეეხება სოფელ საბერიოს, სადაც დღეს ორ პირს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოიყვანეს. ისინი რუხის ცხელების ცენტრში მოათავსეს.

სოფელ საბერიოში სულ 55 პირს დაუდასტურდა ვირუსი, ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვადასხვა კოვიდმიმღებ განყოფილებაში არიან გადანაწილებული.

"აღნიშნული ორი კოვიდინფიცირებული ეკუთვნის საბერიოს კლასტერს. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილ იქნა გუშინ გვიან ღამით ერთი მოქალაქე, რომელიც არის სოხუმის მცხოვრებელი და მას გააჩნია კოვიდინფექცია. იგი მოთავსებულია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში,“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ. 

დღის ამბები