დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 200-კაციანი საარჩევნო შეკრება რეკომენდაციების აუცილებელი დაცვით უნდა ჩატარდეს.
"ღამის კურიერის" წამყვანის კითხვაზე, ერთის მხრივ არ შეიძლება ქორწილების, ქელეხების, წვეულებების გამართვა, მეორეს მხრივ შეიძლება 200 კაციანი საარჩევნო შეკრება, ხომ არ არის ეს გაუგებარი მოქალაქეებისთვის- გამყრელიძე პასუხობს, რომ პოლიტიკური პროცესი არ უნდა შეფერხდეს, თუმცა მნიშვნელოვანია რეკომენდაციები იყოს დაცული.
"არ მეთანხმებით, რომ ამ დროს ნამდვილად არ უნდა ტარდებოდეს დიდი ქორწილები, დიდი ქელეხები, დიდი დაბადების დღეები. მესმის, როცა ახლა პოლიტიკური პროცესია, კორონავირუსული ინფექციის პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები. პოლიტიკური პროცესი რთული პროცესია. ეს არჩევნები, რომელიც არის საპარლამენტო არჩევნები და 4 წელიწადში ერთხელ არის ქვეყანაში, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას და მთავარ პოლიტიკურ პროცესებს განსაზღვრავს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის და მოქალაქის მომავალ საქმიანობაზე, მის ბედზე უნდა იმოქმედოს. ამ დროს პოლიტიკური პროცესის შეფერხება და ისიც, ხომ გარკვეულ ჩარჩოებშია, 200 კაცზე მეტის შეკრება არა. თუ იქ დისტანცია არ დაიცვება, მე რამდენჯერმე მოვუწოდე ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ აუცილებლად ატარონ ნიღაბი, თუ დისტანცია ღია სივრცეში არ იცვლება, თავისთავად... თუ დახურულ სივრცეშია ეს აგიტაცია, აუცილებელია აუცილებელი დამუშავება, იგივე ღია სივრცეში. იქაც არის გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მოგეხსენებათ უკვე ჩვენ პოლიტიკოსებშიც გვაქვს ინფიცირების შემთხვევები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.