19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხარისხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური გარანტიები - თამარ ჟვანია

საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურებაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელებულა, მაგრამ არავისთვის არ არის დამალული ის, რაც ISFED-მა გამოაქვეყნა - ასე უპასუხა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ "ღამის კურიერის" წამყვანის კითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის 2020 წლის ანგარიშს ეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის დასაწყისში ცესკო-ს თავმჯდომარის ანაზღაურება გაიზარდა დაახლოებით 55%-ით, მოადგილის შემთხვევაში 68%-ით, მდივნის შემთხვევაში – 69%-ით. 

ჟვანია ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისთვის ღირსეული ფინანსური ანაზღაურება აუცილებელია.

"ეს მხოლოდ ხელმძღვანელ პირებს არ შეხებია, ცესკოს ყველა თანამშრომელს შეეხო ხელფასებთან დაკავშირებული რეფორმა. თუ ვინმე კარგად წაიკითხავს ანგარიშს, შეიძლება ნახოს, რომ თანამშრომლების ნაწილში უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ვიდრე ხელმძღვანელი პირების ნაწილში, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ამას ჰქონდა თავისი კანონიერი საფუძვლები .

"სამართლიანმა არჩევნებმა" როცა გამოსცა ეს ანგარიში, ცხადია, ჩვენ მათთან ვითანამშრომლეთ. ეს არის ის მონაცემები, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, ეს არის საჯარო, ღია მონაცემები და რაც მთავარია, კანონიერი თანხები.

ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ 2017 წელს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში იყო ცვლილებები, სადაც ამ კანონის ცვლილებებმა შემდგომში, 2018 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ასევე საჯარო სამსახურში ანაზღაურების შესახებ კანონი, რომელმაც დაადგინა რეფორმის ფარგლებში კონკრეტული, თანამდებობრივი იერარქიები, მისი შესაბამისობა კონკრეტულ კატეგორიებთან, ამ რეფორმის ფარგლებში, სწორედ 2017 წლის ბოლოს მოხდა ეს ცვლილებები.

გეტყვით რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილს - ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრაციის ანაზღაურებაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელებულა, მაგრამ არავისთვის არ არის დამალული, ის რაც ISFED-მა გამოაქვეყნა. ძალიან დიდი ხანია, აქვეყნებს ამას IDFI და ეს ისედაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, მათ შორის დეკლარაციებში, ამიტომ აქ ახალი არაფერია. ეს არის გამჭვირვალე, ეს არის კანონშესაბამისი და რაც მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხარისხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ფინანსური გარანტიები.

ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება აუცილებლად უნდა იყოს ღირსეული, იმიტომ, რომ ისინი 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. კერძო სექტორთან შედარებაც არ შეიძლება მოხდეს, უფრო მეტიც - ამ სტატისტიკურ ანგარიშში, რომელზეც თქვენ საუბრობთ, საერთოდ არ ყოფილა ანალიზი, იმ ფუნქციებთან, იმ დატვირთვასთან შესაბამისობის, ან რა შეიძლება იყოს დამოუკიდებლობის და ფინანსური გარანტიების სტანდარტი.

მე მივიჩნევ, რომ ეს არის ღირსეული ანაზღაურებისთვის დამოუკიდებლობის გარანტიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი," - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები