კოვიდპაციენტები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობენ. სამედიცინო დაწესებულებას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ ის პირები, რომლებიც ადგილზე ინფექციის დიაგნოზით თვითონ, ან მათი ოჯახის წევრები მკურნალობდნენ.
ბრალდებებს რესპუბლიკურ საავადმყოფოს უყენებენ თაკო ჩარკვიანიც და გედევან ფოფხაძეც. თავად პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე და მისი მეუღლე მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გადის და პირობები კმაყოფილია, თუმცა არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს მისი დედის მიმართ, რომელიც მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის.
"სიცხემ მოგვიკლო, ორივეს. იცით რომ ჩემს მეუღლესთან ორმხრივი ანთება იყო დაწყებული, ჩემთანაც, მაგრამ ამასთან უფრო ძლიერი. მინდა ობიექტური ვიყო და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ინფექციურში ვიმყოფები. თქვენ იცით, რომ ეს შენობა არც გარემონტებულია, არაფერი მაგრამ გაკრიალებულია. დიდი პასუხისმგებლობით არიან ექიმები, თვითო მარინა ეზუგბაია, ბატონი თენგიზი, ხალხნო ძალიან ყურადღებით არიან. რატომ ვამბობ ამ ყველაფერს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგიჟებულები არიან ადამიანები," - ამბობს თაკო ჩარკვიანი.
გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ როგორც ინფიცირებული ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი დღე-ღამის მანძილზე იმყოფებოდა და იქ არსებული სიტუაცია არასთანდოა. მისი თქმით, ყველა ინფიცირებულისთვის ერთო სველი წერტილი იყო მოქმედი.
"მე როცა გავიგე, რომ ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა კოვიდი, ეს იყო სამშაბათი, მე მაშინვე გადავედი თვითიზოლაციაში, იმიტომ რომ კვირას ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ერთმანეთთან და ხუთშაბათს უკვე პირველი სიმპტომები ვიგრძენი. პირველი რაც დამხვდა რესპუბლიკურში, ჩემი აზრით, არის პაციენტების მისაღებად აბსოლუტურად არასწორი სიტუაცია. საერთო სივრცეშია ყველა მოქცეული და იქ ყველა სარგებლობს საერთო სველი წერტილით. გარდა ამისა, იქ ვიყავი 24 საათის მანძილზე, დილას მივედი და მეორე დილას გადამიყვანეს ძირითად განყოფილებაში. ამ 24 საათის განმავლობაში ერთი ჭიქა ჩაი არავის შემოუთავაზებია, ჩემი აზრით, ეს რაღაც სისტემურ პრობლემაზე მეტყველებს.
თვითონ შენობაც არის სარდაფის ტიპის, არ აქვს ფანჯრები და იქ ადამიანების ერთი დღის მანძილზე გაჩერება არ არის სწორი,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.