თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დღეს ე.წ. ბუზების ექსპერიმენტი ჩატარდა. ოჯახის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ საკალმახე ალგეთში ის მწერები ნახეს, რომელიც გარდაცვლილი პროგრამისტის ცხედარზე და ავტომობილში აღმოაჩინეს. ამით კი, ბაჩალიაშვილების თქმით, დასტურდება, რომ მაწევანის ტყეში ავტომობილის და გარდაცვლილი პროგრამისტის აღმოჩენამდე, ცხედარი სწორედ საკალმახე ალგეთში იყო დასვენებული.
საქმესთან დაკავშირებით დღეს კომენტარები ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველებმაც გააკეთეს.
"აღებული იყო დნმ-ის ნიმუშები, სისხლის წვეთების ნიმუშები, ასევე მწერების ნიმუშები, თითქმის ყველა მწერი ამოიღებს მანქანიდან, ჩაუტარდება ექსპერტიზა და მოხდება შედარება მანქანის პოვნის ადგილზე და ვილა ალგეთიდან ამოღებულ მტკიცებულებებს შორის," - აცხადებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი.
იურისტი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის შედეგად, შესაძლოა, პასუხი გაეცეს კითხვას გარდაცვალების დროსთან დაკავშირებით და ასევე, დადგინდება ისიც, შეიცავენ თუ არა მწერები იგივე მედიკამენტებს, რაც თამარ ბაჩალიაშვილის სხეული იქნა აღმოჩენილი:
"ექსპერტიზაზე გაიგზავნება ინფორმაცია მწერების გაჩენიდან აღმოჩენამდე, რა პერიოდია გასული, იმიტომ რომ ოჯახს აქვს კითხვის ნიშანი, როდისაა გარდაცვალება დამდგარი და ამავდროულად, ეს მწერები შეიცავენ თუ არა იმ მედიკამენტებს, რაც აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში," - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.