19 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე, თინათინ ბერძენიშვილი, სანდრო ვახტანგოვი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს 25 სექტემბერს დაამტკიცებენ. ხელმძღვანელს სამეთვალყურეო საბჭოს 9 წევრი ირჩევს. ბორდის სხდომა ჯერ სამშაბათს გაიმართება, რომელზეც კანდიდატებზე იმსჯელებენ და იმ პირებს დაასახელებენ, რომლებიც მეორე ტურში გადავლენ.

8 კონკურსანტს შორის არის მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი, მომღერალი ირმა სოხაძე, რეჟისორი სანდრო ვახტანგოვი და ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

დირექტორობის კანდიდატები ამბობენ, რომ აუცილებელია მაუწყებელში ცვლილებები განხორციელდეს.

"დღევანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან ბევრი პარამეტრით არ არის საზოგადოებრივი. არ არის ის, რაც უნდა იყოს. არ ასრულებს იმ დანიშნულებას, რასაც უნდა ასრულებდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავს არაჩვეულებრივი პროფესიონალების გუნდი, რომელიც დღეს პრაქტიკულად გამოუყენებელია. რაც შეეხება ტექნიკურ ბაზას, მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო აქვს, იმიტომ, რომ საკმაოდ ღონიერი ტელევიზიაა. აბა რა დარჩა, თუ პროფესიონალი გუნდი გყავს, თუ ტექნიკური პარამეტრით შეესაბამები, რატომ არ უნდა გააკეთო ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი და ხალხისთვის საჭირო პროდუქტი," - განაცხადა ირმა სოხაძემ.

"საზოგადოებრივ მაუწყებელში არის ძალიან კარგი კოლექტივი, როგორც ძველი პროფესიონალები, ასევე ახალგაზრდები, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის მოსული. მე მგონია, რომ უფრო მეტად სჭირდება ახალი სისხლი, ენერგეტიკა, რადგან მე მივიჩნევ, რომ ცოტა ძველებურად მუშაობენ, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ,  ბევრი რაღაცა გაკეთდა კარგი და სასიკეთო," - აღნიშნავს ალექსანდრე ვახტანგოვი.

"საქართველო რამდენიმე წელია საინფორმაციო ომის პირობებში ცხოვრობს და ამ ფონზე სწორედ საზოგადოების მხრიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს თავდაცვის მთავარ იარაღად ამ საინფორმაციო ომში, მით უფრო, რომ ამ ომის სამიზნე არის საზოგადოება და მიზანი გახლავთ საზოგადოების დახლეჩვა ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ნაწილებად, იმისათვის, რომ ვერ მოახერხოს ერთიან წარმატებაზე სამოქალაქო საზოგადოებად და ერად ფორმირება," - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

ჟურნალისტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარე ნინო ზაუტაშვილი კი აცხადებს, რომ დირექტორის არჩევნების ჩატარება იქნება ფარსი და მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

"დირექტორის არჩევნების ჩატარება იქნება ფარსი, მე ამ ფარსში მონაწილეობა არ მინდა არანაირად. შესაბამისად, მოვუწოდებ საზოგადოებას მთლიანად, რომ იყოს ძალიან ჩართული ამ პროცესებში.

მოვედი, წავედი, ასე არ არის... შეფასდეს სამწლიანი მისი მოღვაწეობა, სამეურვეო საბჭო არის მმართველი რგოლი, რომელსაც ეს პირდაპირ ევალება. ევალება მონიტორინგიც, ფინანსური ხარჯებიც მით უმეტეს. ვასილ მაღლაფერიძემ როცა მოითხოვა სესხის აღება, მე ვიყავი შესული სამეურვეო საბჭოზე და მოვითხოვე აეხსნათ რაში გვჭირდებოდა 45 მილიონი. ამის პასუხი მე მაშინ არ მიმიღია, შესაბამისად, მათ მაშინ არ იცოდნენ რაში უნდა აგვეღო ეს ფული," - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა

დღის ამბები