60 წლის მამაკაცი, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი და მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში დაუფიქსირდა და შემდგომ გამოიყვანეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რომლის გართულებაც კორონავირუსულმა ინფექციამ გამოიწვია და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"პაციენტი გახლდათ დაახლოებით 60 წლის, გადმოყვანილი იყო თავდაპირევლად იგი აფხაზეთის ტერიტორიიდან. ჯერ ქუთაისში მე როგორც ვიცი, შემდგომ თბილისის კლინიკაში და უკვე კოვიდ დადასტურებული მართვით სუნთქვაზე გადმოყვანილი იქნა სამართავად ჩვენს კლინიკაში. პაციენტს ჰქონდა მანამდე გაკეთებული შუნტირება, ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ პრობლემები, რამაც საბოლოო ჯამში თავი იჩინა ჩვენს კლინიკაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდებოდა ყოველგვარი ასეთი გართულების თავიდან ასაცილებლად, სამწუხაროდ, ასეთი ფატალური შედეგი დადგა. ძალიან მძიმეა ჩვენტვის ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მის გადასარჩენად და მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. იყო იმედის მომცემი სიტუაციებიც, თუმცა სამწუხაროდ ფატალურად დამთავრდა ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.