ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა იწყება. აჭარაში დამძიმებული ეპიდ-ითარება - სხდომის მთავარი საკითხია.
მსჯელობაში ჩაერთვება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაიაც, რომელიც ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, ბათუმში ჩავიდა.
რეგიონში ეპიდემიოლოგები აქტიურ მუშაობას განაგრძობენ და მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები. მედიკოსების განცხადებით, მატება რომ სწორედ შავი ზღვისპირეთიდან დაიწყებოდა, პროგნოზირებადი იყო, რადგან ამ რეგიონში განსაკუთრებით დიდი მობილობაა.
"ჩემი მიზანია შევხვდე აჭარაში COVID-19-ის სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელებს და სამედიცინო პერსონალს. მივცე მათ დაავადების მართვის რეკომენდაციები და ექიმებს ჩავუტარო ტრენინგები. არსებული სიტუაცია რომ შევინარჩუნოთ და ლოკალიზაციისკენ წავიდეთ და ლიკვიდაცია მოხდეს ამ რეგიონში, ამისთვის არ არის საკმარისი მარტო ვერტიკალის მუშაობა, აუცილებელია მოქალაქეების თანადგომა,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აჭარაში არც ერთი პაციენტი არ არის დარჩენილი ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე.