თუ ვერ მოხდება კორონავირუსის გავრცელების ლოკალიზება, შესაძლოა სამედიცინო რესურსის თანაბრად განაწილება პაციენტებისთვის ვერ მოხერხდეს. მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, მათი განცხადებით შესაძლებელია შენარჩუნდეს ვირუსის მზარდი სტატისტიკა, რა შემთხვევაშიც აუცილებელია იმ პაციენტებმა, რომლებთანაც ვირუსი არ მიმდინარეობს რთულ ფორმებში, იმკურნალონ საკუთარ სახლში და სტაციონარში მოხდეს შედარებით მძიმე პაციენტების გადაყვანა.
"თუ ეს ასე გაგრძელდა 2-3 თვის განმავლობაში, ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით პაციენტები დაგვიგროვდება, გაჭირდება მათი მოვლა, ტრიაჟი, ანალიზების დროულად გაცემა.ამიტომ საწოლები არ დავაკავოთ, ძალიან ძვირფასი რესურსი, რომელიც დასჭირდება იმ ადამიანებს რომელთაც ავადობა ექნებათ," - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
ჰოსპიტალური რესურსის დაზოგვას უსვამს ხაზს ინფექციონისტი, კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი:
"ჩაკეტვა და კარანტინები მთლიანად, რა თქმა უნდა, ვერ აჩერებს პროცესს და უბრალოდ გადაავადებს, რომ დრო იყოს მომზადებისთვის და ეს მივიღეთ ჩვენც. როდესაც შევამსუბუქეთ რეგულაციები, შესაბამისად მივიღეთ აღმავლობა. ახლა მთავარია დაიგეგმოს ამ ინფიცირებულთა მართვა. ერთ-ერთი ეს საშუალება, რომლითაც ჩვენ ეფექტურად ვმართავთ იქნება ის, რომ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები დარჩნენ ბინაზე და ჰოსპიტალური რესურსი აღარ დავახარჯოთ მათ,"- განაცხადა მაია ბუწაშვილმა.