19 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
თუ დაემთხვა მშობიარობა ორსულის ინფიცირებას, უნდა მოხდეს ახალშობილის შემოწმება - ალექსანდრე გოგინავა COVID ინფექციაზე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, შანსი იმისა, რომ ნელ-ნელა ინფიცირების ახალი შემთხვევების შემცირება მოხდეს, არსებობს, თუმცა ეს რა ვადაში მოხდება, რთული სათქმელია. ამის შესახებ მან "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

კითხვაზე, როგორ ხდება ინფიცირებული ორსულების შემთხვევაში ვირუსის გადატანა და შესაძლებელია თუ არა ახალშობილს აღმოაჩნდეს ინფექცია - გოგინავა პასუხობს, რომ ორსულებში დაავადება ძალიან მძიმედ არ მიმდინარეობს.

"მსოფლიოს სტატისტიკას თუ შევხედავთ დიდი ალბათობით ორსულებში დაავადება არ მიმდინარეობს ძალიან მძიმედ. თუ ქრონიკული დაავადებების დროს ასაკიან ადამიანებში მაღალი პროცენტით გართულებების რისკი არსებობს, ორსულებში ასეთ მაღალ პროცენტში გართულებები არ არის. დიდი ალბათობით ორსულებში დაავადება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით წავიდეს, თუმცა ეს კონტიგენტი საჭიროებს მაინც ინტენსიურ მონიტორინგს. რაც შეეხება ახალშობილის ინფიცირებას, ამის შემთხვევები მსოფლიოში არის, სტატისტიკურად არა ხშირია, მაგრამ მაინც ფიქსირდება. ამიტომ აუცილებელია, თუ დაემთხვა მშობიარობა ორსულის ინფიცირებას, უნდა მოხდეს ახალშობილის შემოწმება და ტესტის ჩატარება, ამის ალბათობა მაღალი არ არის, თუმცა არსებული სტატისტიკით ასეთი შემთხვევები მსოფლიოში დაფიქსირებულია," - განაცხადა ინფექციონისტმა.

ინფექციონისტის თქმითვე, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად არსებული რესურსის მაქსიმალური მობილიზება ხდება, თუმცა თუ შემთხვევების ზრდა მოხდება, აუცილებელია რესურსები გაიზარდოს.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ეფექტური ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ვირუსის სამკურნალოდ. ამავდროულად არსებობს ანტივირუსული პრეპარატები, რომლებმაც სხვადასხვა კვლევაში კარგი შედეგები აჩვენეს.

ინფექციონისტი აუცილებელ წესზეც საუბრობს, რომელიც მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს.

"აუცილებელია მოსახლეობამ მიიღოს სწორი და ადეკვატური ინფორმაცია სპეციალისტებისგან. ასევე ფიზიკური  დისტანციების დაცვა, რაც ეფექტური საშუალებაა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებულ იქნას პირბადეები დახურულ სივრცეებში. გარდა ამისა, ვინც იმყოფებოდნენ ეპიდაფეთქების კერაში და აღენიშნებათ სიმპტომები, ვურჩევდი მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ "დღის კურიერში" სტუმრობისას.

 

დღის ამბები