პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე "დღის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში არის საყურადღებო, თუმცა არა საგანგაშო. ხუნდაძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
ის ინფიცირების მატებას მობილობის გაზრდას უკავშირებს და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მოცემულ მომენტში საზოგადოების მთლიან ნაწილზე უნდა გავრცელდეს. დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ საფრთხის აცილება შესაძლებელია იმ წესების დაცვით, რასაც ეპიდემიოლოგები გასცემენ.
"იყო ქეიფები, დროსტარება, ნუ ეს კარგია, რა თქმა უნდა, თავის დროზე, როცა არ არის ამის რისკები, მაგრამ ახლა ეს არის დაუშვებელი და წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს. საქართველოს აქვს თავისი რისკი, როცა მოსახლეობის საკმაოდ დიდი სეგმენტი არის ხანდაზმული, ქრონიკული დაავადებების მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მაღალი და სწორედ ეს არის სახიფათო სეგმენტი, ანუ მშობლების თაობა. სწორედ ამიტომ დავიცვათ საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა.
არის გარკვეული აცდენები შეფასებებში, მაგალითად თითქოს ის, რომ ხელისუფლება ცდილობდა ინფიცირებულთა რიცხვი გაეზარდა და ამისათვის ვიღაცას ფულს აძლევდა. ახლა ვითომ შემთხვევებს მალავენ, ეს ცდება ერთმანეთს. გარდაცვლილთა რაოდენობაში აბსოლუტური უმრავლესობა არის ხანდაზმული და თანმხლები დაავადებებით, მაგრამ დღეს რაც გავიდა ინფორმაცია, რომ ჰქონდა დაავადებების ბუკეტი სამწუხაროდ პაციენტს, იყო ონკოლოგიური პაციენტი და იყო ხორხის სიმსივნით დაავადებული. საზოგადოების ერთმა ნაწილმა აღიქვა, თითქოს ეს არ იყო კორონათი გარდაცვლილი და გარდაიცვალა იმ დაავადებებით, რაც მას ძირითადად აწუხებდა. ეს ნაწილობრივ სწორია, ის გარდაიცვალა სწორედ თანმხლები დაავადების გართულებით, მაგრამ ეს გართულება გამოიწვია სწორედ კორონამ. კორონა პირდაპირი მნიშვნელობით გარდაცვალების მიზეზი არ არის, ის თანმხლებ დაავადებებს ართულებს, რაც ხშირად სიკვდილს იწვევს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას.