19 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობა მობილობის ზრდის შედეგია და ეს პროგნოზირებადი იყო.

როგორც პრემიერი აცხადებს, ქვეყანა ჯერჯერობით მწვანე ზონად რჩება.

"ჩვენ გვაქვს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოქალაქეებთან ვიყავით ღია, გულწრფელი და ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვებოდა ინფიცირების რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით.

ჩვენ თავიდანვე, თანმიმდევრულად განვაცხადეთ, რომ ვირუსთან ბრძოლა შედგება რამდენიმე ეტაპისგან. პირველი ჩვენი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხმობდა დროში ვირუსის სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას, ამას თავისი ლოგიკური ახსნა ჰქონდა, მაშინ არათუ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა იყო მინიმალური, რესურსებიც იყო მინიმალური და ჩვენ გვჭირდებოდა დროის მოგება, რაც თანმიმდევრულად და ეფექტურად განვახორციელეთ, რის შედეგადაც გადავარჩინეთ დიდი რაოდენობა სიცოცხლის ჩვენი მოქალაქეების და ეს საერთაშორისოდაც იყო აღიარებული და დღესაც არის აღიარებული, მოგეხსენებათ საქართველო მწვანე ქვეყანად რჩება დღესაც.

მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია და ჩვენ სწორედ ამ ადაპტაციისთვის გვჭირდებოდა დრო, დღეს კი ვართ ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები