საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი არჩილ იმნაიშვილი ლარის გაუფასურების მიზეზებზე "დღის კურიერის" ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, სავალუტო ბაზარზე ცვალებადობა წინასაარჩევნოდ დამახასიათებელია.
"მიმდინარე წელს სავალუტო შემოდინებების დანაკლისი რაც ქვეყანას აქვს, ამის დასაბალანსებლად საქართველომ მიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებმაც ქვეყანას საკმაოდ სოლიდური დახმარება გამოუყვეს.
ეს შემოდინებები ხორციელდება და აისახება საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვებზე და უშუალოდ სავალუტო ბაზარზე ამის ასახვა არ ხდება.
დღეისათვის, ბაზარს 480 მილიონი ლარი მივაწოდეთ და ეს ინტერვენციები გაგრძელდება. ამ ინტერვეციის მიზანი ვერ იქნება კურსის გამყარება ან შენარჩუნება, რადგან ამას საბაზრო ძალები განსაზღვრავს.
საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარ, შეუძლებელია იმის თქმა, რა უნდა იყოს წონასწორული კურსი.
წელს დიდი დანაკლისი მიიღო ქვეყანამ და ეს უკვე ცნობილი იყო გაზაფხულზე. ის გაუფასურება, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, არის გაუარესებული მოლოდინების შედეგი, რომელსაც თავისმხრივ მრავალი ფაქტორი აქვს და ერთ-ერთია პანდემია.
სავალუტო ბაზრისთვის წინასაარჩევნოდ დამახასიათებელია ცვალებადობები,"- განაცხადა არჩილ იმნაიშვილმა.