25 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
გრძელდება გამოძიება სხვა პირებთან დაკავშირებითაც - პროკურორი ე.წ სატელიტის ფოტოების საქმეზე

გამოძიებამ იმ დანაშაულის დეტალები გაასაჯაროვა, რისთვისაც ე.წ. სატელიტის ფოტოს ავტორს მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და პირადი მიზნებისთვის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. გაირკვა, რომ 2019 წლის ნოემბრით დათარიღებული ფოტოები, რომელიც დავით ფურცხვანიძემ სკაიპის საშუალებით მიიღო, მანვე ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა საკუთარ შვილს და სთხოვა დაემუშავებინა.

ამ შეთხვევაში, მთავარი ამოცანა იყო, რომ შექმნილიყო განცდა, რომ ეს კონკრეტული ფოტოები ნამდვილად 2020 წლის 19 ივლისს მაწევანის ტყეში არსებულ ვითარებას ასახავს. იქამდე ვიდრე პროკურატურა ამ სქემას შიფრავდა, დავით ფურცხვანიძემ შეიძინა ბილეთი, რომლის გამოყენებითაც ქვეყნის დატოვებას აპირებდა. შესაძლო მიმალვის საფრთხის გამო კი დამონტაჟებული ფოტოს გამავრცელებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. 

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, სხვა პირების მიმართაც გრძელდება და თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, არაა გამორიცხული რომ სხვა პირებზეც დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა:

"კონკრეტულად ვერ გავაკეთებ განცხადებას რამიშვილთან, ან სხვა ფიგურანტ პირებთან დაკავშირებით, თუმცა გიდასტურებთ, რომ გრძელდება გამოძიება. რაც შეეხება შვილის პასუხისმგებლობას, მე გავიმეორებ, რაც მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებით გავაკეთე განმარტება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაულის ნიშნები, ჩვენ ნებისმიერი პირის მიმართ დავიწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას," - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

დღის ამბები