19 ნოემბერი 2024,   07:17
ვრცლად
ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, როგორც თავად განგვიცხადა, არის კარგი - ირაკლი ანთაძე

რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.- ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გააკეთა. როგორც ირაკლი ანთაძე ამბობს, ხვიჩა მღებრიშვილი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი. 

"ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე, როგორც თავად განგვიცხადა, არის კარგი. გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადაყვანას, ამიტომ არ მოგვეცა დეტალური საუბრის საშუალება, მაგრამ საკარანტინე პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ეს საშუალება ჩვენ გვექნება და შესაბამისად, გვექნება მეტი ინფორმაცია და მეტი დეტალი,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ხვიჩა მღებრიშვილი ოჯახში, სავალდებულო 8 დღიანი კარანტინის შემდეგ დაბრუნდება. 

"ძალიან დათრგუნულები ვიყავით, ძალიან ცუდი განცდა გვქონდა რა თქმა უნდა და ძალიან მძიმე სტრესი. უკვე გამოვიდა ხვიჩა და ალბათ, რამდენიმე დღეში ვნახავთ. დაამთავრებინებენ ამ საკარანტინო რეჟიმს,“ - ამბობს  ხვიჩა მღებრიშვილის მამიდა, ლეილა მღებრიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული  ხვიჩა მღებრიშვილი რამდენიმეთვიან უკანონო პატიმრობაში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იმყოფებოდა. მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ კი გუშინ, ერგნეთში გამართული რიგით 97-ე შეხვედრის შემდეგ გაცხა ცნობილი.

 

დღის ამბები