86 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, სადღაც 100 მეტრში მელოდებოდნენ, სანამ შევიდოდი დამიჭირეს და ცხინვალში წამიყვანეს. იქ კარგად მექცეოდნენ, პრობლემა არ მქონია. ღამურებთან დაკავშირებით, რაღაც სისულელეა. რაღაც ლაბორატორიაო, ინგლისური არ ვიცი და ვერ გავიგე რა ლაბორატორიაზე მეუბნებოდნენ, რა ამერიკელები, ვერაფერი გავიგე. საჭირო არის და ეგრე გააკეთეო და ასეც გავაკეთე, სხვა ვარიანტი არ იყო. ვნახე ქართველები, ისინი კარგად არიან და გამოსვლას ელოდებიან,"- ამბობს ხვიჩა მღებრიშვილი.
ხვიჩა მღებრიშვილი სპეციალური ავტომობილით უკვე გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. მას ქართული პოლიცია დაკითხავს მას შემდეგ, რაც ის სავალდებულო კარანტინს გაივლის.
ამ პროცესში ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობდა ევროკავშირის სპეციალური მისიაც.