საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატები ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძეც იყვნენ, თუმცა არჩევანი ბორდის წევრებმა ახალ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილზე შეაჩერეს.
კანდიდატებმა საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს, რაც მათ ბორდს წარუდგინეს.
"საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, არ არის თავისუფალი აზრი, არის შავი სიები, არ არის ღია სივრცე. საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის სადისკუსიო სივრცე. აკრძალულია ინტერაქტივები. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების იღლიის ქვეშ ამოდებული საზოგადოებრივი მაუწყებელი და ამ "სიამოვნებაზე" ხელისუფლებამ უარი ვერ თქვა," - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
"რევოლუციას არ ვაპირებდი, არავითარ ქირურგიულ ჩარევას და რადიკალურ ცვლილებებს მე არ ვაანონსებდი, მე უბრალოდ ხედვა მქონდა ცოტა სხვა, უფრო ადამიანებზე ორიენტირებული, დამოკიდებულებიდან დაწყებული თანამშრომლების მიმართ, დამთავრებული მაყურებლით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაყურებლისთვის, მათი მოზიდვისთვის, ნდობის გაღვივებისთვის. მე ამაზე მქონდა ჩემი აქცენტები, როგორც ჩანს საბჭომ ჩათვალა, რომ სწორია ყველაფერი, რაც კეთდება და ღმერთმა ხელი მოუმართოთ," - განაცხადა ირმა სოხაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი თიკო ბერძენიშვილი მაუწყებლის ბორდის წევრებმა დღეს ღია კენჭისყრით აირჩიეს.