16 დაღუპული და ასზე მეტი დაშავებული - დანაკარგის შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ამის მიუხედავად ოფიციალური ერევანი დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
მეტიც, ნიკოლ პაშინიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხის განხილვას გეგმავს. სომხეთის პრემიერმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა შემოიღო და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განაცხადა.
პაშინიანს საერთაშორისო საზოგადოებასთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს - მიმდინარე პროცესებში თურქეთის ჩართვა არ დაუშვას.
საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა არაღიარებულმა ყარაბაღმა. მთელი დღის განმავლობაში ე.წ "პრეზიდენტი" ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის შეტევებს ღირსეულად პასუხობენ, მაგრამ დანაკარგიც დიდი ჰქონდათ. კერძოდ, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. უკანასკნელი მონაცემებით, ორი დაღუპული და რამდენიმე ათეული დაშავებულია.
დათმობაზე წასვლას არც აზერბაიჯანი აპირებს. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართალი მის მხარეს არის და სომხეთის მხრიდან უკანონობას ადეკვატური პასუხი გაეცემა. მოწინააღმდეგე ქვეყნის მსგავსად ქვეყანაში საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანმაც გამოაცხადა, თუმცა საყოველთაო მობილიზაციის საჭიროებას ქვეყნის ხელმძღვანელი ჯერჯერობით ვერ ხედავს.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ დღესვე 7 სოფლის დაკავების შესახებ განაცხადა. პოლკოვნიკმა ანარ აივაზოვმა თქვა, რომ კონტრშეტევის დროს არმიამ ფიზული - ჯაბრაილის მიმართულებით პოზიციები დაიკავა და გაამაგრა. ცნობა ნაწილობრივ დაადასტურა სომხეთმა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიჭრნენ, თუმცა შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.
აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს თურქეთი. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მსოფლიო საზოგადოებას ორმაგი სტანდარტების მოქმედებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დასავლეთმა თვალი დახუჭა სომხეთის აგრესიაზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს ოფიციალური თბილისი. განცხადებები დღეს ქვეყნის დიპლომატიურმა უწყებამ, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთეს.
ყარაბაღი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დავის საგანი უკვე თითქმის 30 წლის განმავლობაში არის. კონფლიქტურმა რეგიონმა, რომელსაც გაეროს ქვეყნების უმრავლესობა აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევს, დამოუკიდებლობა 1991 წელს სომხეთის მხარდაჭერით გამოაცხადა. ამის მიუხედავად, სომხეთი ფორმალურად დღემდე არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას.